12:34
სიყვარულის ანატომია

სიყვარულის ანატომია

სტატიის სათაური ალბათ ეროტიულ ფილმს უფრო შეესაბამება, თვითონ თემაც საკმაოდ ინტიმურია, რადგან საქმე ამ შემთხვევაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს ადამიანის ცხოვრებაში, სიყვარულს და ურთიერთობებს, ეხება.

ეს ის სფეროა, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით ითავსებს ექსპერტის როლს და როგორც წესი მათი რჩევები ,,ასე ქენი“ ან ,,ისე ქენი“ - თი შემოიფარგლება. ადამიანების უმეტესობას სიყვარულზე ერთგვარი ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნიათ, ესეც ალბათ უკეთეს შემთხვევაში. ბევრს საერთოდ წარმოდგენაც კი არ აქვს რასთან აქვს შეხება. ვერავის გაამტყუნებ, ამ ყოველივეს თავად კაცობრიობამ შეუმზადა საფუძველი. საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა სიმღერები, პოემები, ნაწარმოებები სიყვარულზე, იმართებოდა ბრძოლები და იღვრებოდა სისხლი, ადამიანები ჩადიოდნენ გმირობებს სიყვარულის სახელით, ხელოვანებს მუდამ ქონდათ მუზა და ა.შ. ჩვენი მოლოდინებიც შესაბამისად აქედან ყალიბდება და იღებს სათავეს. სიყვარული ამაღლებული გრძნობაა ამაზე არავინ დავობს, თუმცა, ნამდვილი ცხოვრება ხომ სწორედ იქ იწყება სადაც ზღაპარი კეთილად მთავრდება. და ცხოვრობდენ ისინი დიდხანს და ბედნიერად… იმედები უნდა გაგიცრუვოთ, ეს ,,დიდხანს და ბედნიერად“ როგორც წესი რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ ,,ხანმოკლედ და/ან უბედურად“-ით ნაცვლდება.

პირველი ემოციების და ეიფორიების გადასვლის მერე, უმეტეს შემთხვევებში ცივი შხაპივით ევლინებათ ადამიანებს რეალური ურთიერთობები, ყოველდღიური პრობლემები და რუტინები. ჰორმონების დონე ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება და რჩება ორი ადამიანი ერთი მეორის პირისპირ.

რა არის სიყვარული?
სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც განიცდის ერთი ადამიანი მეორეს მიმართ, რადგან ეს უკანასკნელი მას აძლევს იმას, რაც მას ჭირდება.

სიყვარული არის ეგოისტური გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მოსმენა და აღიარება ბევრს არ სიამოვნებს. ჩვენ გვიყვარს მეორე ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავის გამო, იმიტომ რომ ის ჩვენ გარკვეულ შინაგან, მორალურ და/ან ფიზიკურ მოთხოვნილებას გვიკმაყოფილებს.
რატომ შორდებიან ადამიანები, რატომ წყვეტენ ურთიერთობებს? იმიტომ, რომ რაღაც დროის მერე ისინი ცალმხრივად ან ორმხრივად წყვეტენ ერთი მეორის სურვილებისა და ზემოთ ხსენებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, აღარ იღებენ იმას რასაც მანამდე ელოდებოდნენ, ეს შეიძლება იყოს აღიარება, სექსი, კმაყოფილება, გაგება და ა.შ.
ადამიანებს უქრებათ სიყვარულის გრძნობა მას შემდეგ რაც მეორე ნახევრები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას წყვეტენ. მაგალითად აღარ აქცევენ საჭირო დოზით ყურადღებას, ისე როგორც ურთიერთობის პირველ თვეებში, აიგნორებენ მათ სურვილებს, ავიწყდებათ კომპლიმენტები, იჩენენ უყურადღებობას და ა.შ.
პირველადი ეიფორიისაგან განსხვავებით, ხანგრძლივი სიყვარული მაგიას ნამდვილად არ წარმოადგენს და მისი შენარჩუნება ,,ხარისხობრივად“ მხოლოდ ყოველდღიური და სისტემატიური შრომითა და მუშაობითაა შესაძლებელი.

ორი ადამიანის ურთიერთობა შესაძლოა შევადაროთ ფირმის ან კომპანიის მუშაობას, რომელსაც ორი მმართველი ყავს. პარტნიორები ერთად განაგებენ ფირმის საქმიანობას, ორივე თანაბარი პრივილეგიებით სარგებლობენ და საკუთარი პასუხისმგებლობები გააჩნიათ. ორივე ელის ერთი მეორესაგან, რომ ისინი საკუთარ ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და საჭიროების შემთხვევაში ობიექტურობას შეინარჩუნებენ. გადადგავენ ადექვატურ ნაბიჯებს, წავლენ კომპრომისებზე და ეცდებიან შეთანხმებულად იმოქმედონ. ეს ყოველივე განაპირობებს ფირმის სტაბილურობას, მისი აქციების ფასის ზრდას და პროგრესს. თუკი ერთ-ერთი კომპანიონი დაიწყებს პერიოდულად საკუთარი პასუხისმგებლობების და მოვალეობების იგნორირებას, დაიწყებს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მუშაობას ამით პირველ რიგში დააზარალებს კომპანიას და დროთა განმავლობაში შესაძლოა მისი გაბანკროტებაც გამოიწვიოს.

ფირმა=ურთიერთობა/ოჯახი, პარტნიორები=წყვილი, გაბანკროტება=დაშორება.

ცხოვრება ტალღებად მიმდინარეობს, ეს უკვე ბევრჯერ გავიმეორეთ. გვაქვს აღმასვლები და დაღმასვლები, რომლებსაც ხანდახან მეცხრე ცამდე ავყავართ და ზოგჯერ პირიქით დედამიწის უკიდურეს ფსკერზე გვანარცხებენ. მათ შორის კი, როგორც წესი გვაქვს ერთგვარად სტაბილური ფაზები, როდესაც ცხოვრება თავის ტემპში, ჩვეულ კალაპოტში მიედინება. ჩვენ არ ძალგვიძს აღვკვეთოთ სტიქიური უბედურებები, თავს დატეხილი უბედური შემთხვევები, თუმცა შეგვიძლია მოვიწყოთ კომფორტული გარემო და გავიხანგრძლივოთ სტაბილური ფაზები აღმა სვლებსა და დაღმა სვლებს შორის.

ურთიერთობა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მათ, ვინც ჯერ კიდევ ეიფორიის ფაზაში იმყოფებიან ალბათ ჯობია ვაცადოთ შეირგონ აღმა სვლა და აღფრთოვანება, თუმცა არც ის რაც ამ ყოველივეს მოყვება ან შესაძლოა მოყვეს არ იქნება ნაკლები მნიშვნელობის. მყარი და სტაბილური ურთიერთობა საჭიროებს ყოველდღიურ ძალისხმევას და გარკვეული დოზით ენერგიისა და შრომის ინვესტირებას. ისევე როგორც კომპანიის შემთხვევაში. აუცილებელი გვქონდეს რეალური მოლოდინები და არ დავკარგოთ ობიექტურობის განცდა. როდესაც ერთი ადამიანი ვითარდება, მნიშვნელოვანია მეორემაც შეინარჩუნოს ტემპი, განაგრძოს განვითარება პროპორციულად.

გამძლეობას გისურვებთ!

ილიას ტერსენიდისი
ექიმი / ფსიქიატრი



კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 49 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar